2-3 მარტს, კახეთი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” უმასპინძლებს. კონგრესის მიზანია არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარება.
კონკრესის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება ასევე ბასკეთის მთავრობის ხელშეწყობითა და ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით იმართება.
საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ენოგასტრონომიის პოტენციალის წარმოჩენასა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე, გვესაუბრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
“Culinary Connection Euskadi – Georgia” უმნიშვნელოვანესი კონგრესია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრად აქცია. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს მოვლენა დაეხმაროს საქართველოს რომ იქცეს კულინარიული დანიშნულების ადგილად?
საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა საუკეთესო, ინოვაციური გამოცდილების გაზიარების, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება კონკურენტუნარიანი და ავთენტური გასტრო ტურისტული შეთავაზების ფორმირებაში.
კონგრესის ერთ – ერთი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ენოგასტრონომიასა და ტურიზმის ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას. როგორ უჭერს მხარს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ ორი უმნიშვენლოვანესი სექტორის ერთობლივ მოქმედებას?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში ქვეყნის ენოგასტრონომიის პოტენციალის წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. შიდა თუ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ხდება ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარმოჩენა. Bocuse d’Or, Madrid Fussion – მსოფლიო მასშტაბის გასტრონომიული ღონისძიებებია, რომლებზეც საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მუშაობით და სხვადასხვა უწყებებისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით ღირსეულად წარსდგა. ავთენტური გასტრონომიული პოტენციალის წარმოჩენა, თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილის მიმართ ინტერესის ზრდას.
ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრეს და გაცნობითი ტურების ფარგლებში მომზადებული არაერთ სიუჟეტსა თუ სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის სამზარეულოსა და ღვინოს.
გარდა საერთაშორისო აქტივობებისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აქტიურად ახორციელებს ქვეყნის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას შიდა ბაზარზე, სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების საშუალებით. ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, იმართება გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“, რომლის მთავარი მიზანიც შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურებისთვის საქართველოს გასტრონომიული შესაძლებლობების გაცნობა და კერძო სექტორის ხელშეწყობაა.
საქართველოს გასტრონომიული პროფილის გასაუმჯობესებლად, მოგვიყევით როგორ თანამშრომლობს საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კულინარიულ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა ბასკური კულინარიული ცენტრი?
ბასკეთის კულინარიული ცენტრი, რომელიც მეორე ათწლეულია უკვე აქტიურად მუშაობს ტრენინგების, კვლევისა და ინოვაციური მიდგომების მიმართულებით კულინარიისა და გასტრონომიის განვითარებაზე, ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა აღნიშნულ სფეროში. ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, უდაოდ ეხმარება ქვეყანას საუკეთესო გამოცდილებისა და მსოფლიო უახლესი ტენდენციების გაზიარების საშუალებით მოახდინოს ადგილობრივი გასტრონომიის განვითარება – რა თქმა უნდა, ავთენტურობის შენარჩუნებით.
როგორც უკვე ვიცით, გლობალურად იზრდება ინტერესი კვებისა და ღვინის ტურიზმის მიმართ. როგორ უჭერს მხარს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ ორი სექტორის სამომავლო განვითარებას?
როგორც უკვე აღვნიშნე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით არაერთ მარკეტინგულ აქტივობასა და ღონისძიებას ახორციელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია აქტირად მუშაობს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის შეთავაზების ფორმირებასა და განვითარებაზე.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ღვინის გზა“, რომელიც ადმინისტრაციის ინიციატივით 12 წლის წინ დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციებზე დაფუძნებული, ქართული კულტურისა და სტუმართ-მასპინძლობის განუყოფელი ელემენტის ღვინისა და ღვინოსთან დაკავშირებული ტურისტული შეთავაზებების ფორმირებას ემსახურება. დღესდღეობით, ქვეყნის ყველა ღვინის მწარმოებელ რეგიონში არის მასპინძელი საოჯახო ტიპის მარანი, ღვინის წარმოება თუ ღვინის თემატიკის შატო, სადაც სტუმრებს ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა გემოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
გარდა ამისა, ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „გემოფესტის“ ფარგლებშიც ხდება ძველი ქართული რეცეპტების მოძიება, გაცოცხლება და ქართული ავთენტური კერძების ახლებული გაცნობა.
კონგრესი გააერთიანებს ცნობილ მზარეულებსა და სომელიეებს, რომლებიც დააგემოვნებენ და შეისწავლიან საქართველოს სამზარეულოს და ღვინოს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ დარგის ექსპერტების როლი საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მსოფლიო დონეზე?
კონგრესის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან ცნობილი მზარეულები და სომელიეები – ისეთი პროფესიონალები, რომელთა სიტყვასაც სფეროში საკმაოდ, დიდი წონა და გავლენა აქვს. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი გასტრონომიული კულტურისა და კულინარიის შეფასება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმოჩენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.