2 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
ბასკურ-ქართული კულტურის ტრადიციები და ენის მსგავსება ახალი არ არის. ბასკური თვითმყოფადობის ნაწილიც ქართულის მსგავსად, მისი სამზარეულო და ტრადიციული გემოებია. ამ ორი ქვეყნის კერძებსა და კულინარიას კახეთმა ტრადიციული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა.
კონგრესზე სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მიმართა.
„ესპანეთში ჩვენი საელჩოს ჩართულობითა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბასკებთან ერთად კულინარიული სკოლის მშენებლობას. ბასკეთი საინტერესოა კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით. სწორედ აქედან წამოვიდა ბასკ მეგობრებთან ერთად იდეა, რომ ყოველწლიურად ჩატარდეს კონგრესი, სადაც შესაძლებელია ბასკმა და ქართველ შეფებმა გაუზიარონ ერთმანეთს კულინარიული გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს გასტროენოტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნაში, – იდეის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.